კუპელჰალე
„კუპელჰალე“, იგივე გუმბათიანი დარბაზი, გიორგი ჩუბინაშვილის მიერ დამკვიდრებული ტერმინია ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში. ეს არის ეკლესიის ტიპი, რომელშიც გუმბათის საყრდენად კედლის შვერილებია გამოყენებული და არა ბურჯები. ამ ტიპის ოცი ქართული ეკლესიაა შემორჩენილი.
ეს წიგნი პირველი გამოცემაა ქართული კუპელჰალეების შესახებ, რომელშიც მოცემულია დღეს ცნობილი ამ სახის ყველა ძეგლი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, დაწყებული VIII საუკუნიდან, დამთავრებული XIX საუკუნის დასაწყისით.
ნატო გენგიურმა საგანგებოდ შეისწავლა კუპელჰალეს ტიპის ეკლესიები, რომელიც საქართველოში აშენდა შუა საუკუნეების პერიოდში. მან მოიძია კუპელჰალეს ტიპის შემორჩენილი ნიმუშები, მოახდინა მათი კლასიფიცირება პერიოდებისა და მხატვრულ-არქიტექტურული თავისებურებების მიხედვით, გამოყო კუპელჰალეს ქვეტიპები – მარტივი და რთული. დაათარიღა და დაახასიათა კუპელჰალეს ტიპის ის ძეგლები, რომლებიც ან ნაკლებად, ან სრულიად შეუსწავლელი იყო (მაგ., დვანი, ფარნაკი, სოლომონ-ყალა, მამაწმინდა, გურჯაანის ქვაშვეთი, მელაანის სამება და სხვ.).
მნიშვნელოვანია, რომ ქართული ეკლესიები მან განიხილა სხვა ქრისტიანული ქვეყნების (სომხეთი, ბულგარეთი, სერბეთი, კვიპროსი და სხვ.) შუა საუკუნეების ეკლესიების ფონზე და მათთან შედარების გზით გამოყო ქართული კუპელჰალეს ტიპის ეკლესიებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათი განსხვავებები, როგორც განვითარების ეტაპებში, ასევე მხატვრული ფორმის თვალსაზრისით.
წიგნი არის პირველი სპეციალური გამოცემა ქართული კუპელჰალეების შესახებ.
წიგნს ახლავს:
- ეკლესიების განლაგების ამსახველი რუკა, ნახაზები, საარქივო ფოტოები და 150-ზე მეტი ახალი ფოტოგრაფია
- ილუსტრაციები და ნახაზები ქართული და ინგლისური წარწერებით
- ინგლისურენოვანი ანოტაციები
- მასალა უცხოური მსგავსი ძეგლების შესახებ
- მასშტაბში მოცემული ქართულ და უცხოურ ძეგლთა ტაბულები
წიგნი-ალბომი გამოადგებათ ხელოვნებათმცოდნეებს, ისტორიკოსებს, სტუდენტებს, ტურისტულ ორგანიზაციებს და ყველას, ვინც ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობითაა დაინტერესებული.
გამოცემა დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ მიერ.
ავტორი: ნატო გენგიური
ფოტო: ზურაბ გენგიური, ვარლამ გენგიური
მხატვარი: ვახტანგ რურუა
კომპიუტერული დიზაინი: ივანე კიკნაძე
გამოცემის წელი: 2006